სხვა ცხოვრებაში.


აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.
ალბათ, ზუსტად ისეთები ვიქნებით, როგორებიც ახლა და აქ.
შენ ისევ გაგიჭირდება ემოციების გამოხატვა, ისევ მოგინდება რამე თბილი მითხრა, მომეფერო, მაგრამ მხოლოდ თავზე გადამისვამ ხელს – უხერხულად, როგორც ყოველთვის.

ჩვენ არასდროს გამოგვდიოდა თბილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად ვიყავით. არასოდეს გითქვამს ჩემთვის, როგორ გიყვარდი. რა თქმა უნდა, არც მე მომიკლავს თავი ამაზე საუბრით. 

ზუსტად ვიცი, აუცილებლად იარსებებს “იქითა სახლი” სხვა ცხოვრებაშიც, სადაც სკოლიდან დაბრუნებულს, კარაქში შემწვარი კარტოფილის, ახალი პურის და ცხელი ჩაის სურნელი შემიღიტინებს ცხვირში.
გავა ბევრი ზამთარი და გაზაფხული, ბევრი გრძელი წელიწადი და ნელ-ნელა გაუფერულდება სახლიც, შენც და ახალი პურის სურნელიც. სულ უფრო მეტი რამ გვეწყინება ერთმანეთისგან, სულ უფრო მეტ რამეში დაგადანაშაულებ, სულ უფრო ხშირად შეგპირდები, რომ მოვალ და სულ უფრო ხშირად ვერ მოვიცლი შენთვის. 

მერე, შემოდგომის ერთ არც თუ ისე მშვენიერ საღამოს გავიგებ, რომ მალე ამ სამყაროდან სადღაც სხვაგან გადაინაცვლებ.
მე კი ისევ ისე ვინანებ იმ არ-შესრულებულ დანაპირებ(ებ)ს, როგორც ახლა და აქ. 

ყოველთვის ასე ხდება, ადამიანები ყოველთვის ვტკენთ ერთმანეთს.
ყოველ დილას ახლიდან ვსწავლობთ სუნთქვას, სიარულს, ახლიდან ვირგებთ ფერად ნიღბებს და ვუერთდებით ამ მასკარადს.
ვიცინით, ვიცინით ძალიან ბევრს, ვიცინით მანამ, სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდება, ვიცინით მანამ, სანამ მუცელი არ გვეტკინება სიცილისგან, ვიცინით, რომ წამოსული ცრემლები ისევ სიცილს დავაბრალოთ, ვიცინით, რომ გადავრჩეთ, ვიცინით, რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ.

და ასე იქნება მუდამ.

გავქრებით თოვლის ფიფქებივით და…

…აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.

 

 

სიახლე.


პარამ, პარამ, პამ, პამ  ^.^
ფაოს ბლოგი ახალ მისამართზე გადავიდა.
მოიისფრო 
შესაბამისად ახალი პოსტებიც იქ დაიდება.
ესტუმრეთ ჩემს მოიისფრო ბლოგს, როგორც 
აქამდე სტუმრობდით.

შენ, მე და ჩვენი პატარა კატა.


შენ, მე და ჩვენი პატარა კატა, რომელიც ჯერ ისევ თვეებს ითვლის, ძალიან გვაბრაზებს და მაინც, იმდენად საყვარელია, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს – ოჯახური იდილიაა.
ალბათ, ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ასეთი ბედნიერი იყო.
ბედნიერებაა ყველა დეტალში, როცა შენთან ერთად ვარ.
სხვადასხვა ივენთებზე, კლუბებში გათენებულ ღამეებშიც და 24 საათი, სახლში ყოფნასა და წიგნის კითხვაში, ანიმეების და ფილმების ყურებაში, ან უბრალოდ შენთან საუბარში.
ბედნიერი ვარ, როცა მუშაობას ვამთავრებ და სანამ შენ სახლში მოხვალ, ვასწრებ, რომ სახლიც დალაგებული იყოს და გემრიელი სადილი – გამზადებული, არა იმიტომ, რომ შენ მთხოვ რამეს, შენ პირიქით, სულ იმას ამბობ, რომ საჭირო არაა რამე ვაკეთო, რომ გინდა დავისვენო და მაქსიმალურად დავტკბე ცხოვრებით, მაგრამ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი.
არ მჯერა, მალე ერთი წელი გახდება, რაც ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. ერთი ოჯახი… შენ, მე და ჩვენი პატარა კატა.
კიდევ უფრო დაუჯერებელია, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ისევ ისე მიხარია შენთან გატარებული ყოველი წუთი, როგორც მაშინ, როცა მივხვდი, რომ შენ იყავი ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრებას შევძლებდი, ალბათ.
ალბათ არა, შევძელი, შევძელით.
მე ვიცი, არაა ჩემი გაძლება მარტივი. ბავშვური, ჯიუტი, იმპულსული და ზოგჯერ არაადეკვატურიც ვარ, ამას თან ერთვის ჩემი განუზომელი ირონია და ცინიზმი, მაგრამ იმასაც ვხვდები, როგორ გავიზარდე და რა თბილი გავხდი შენი წყალობით.
იცი, სულ მეგონა, რომ ოჯახი ურთიერთობებს აუფერულებს, რომ ქრება გართობის სურვილი, ენთუზიაზმი, მაგრამ როცა ვხედავ, როგორ ვგეგმავთ weekend-ს, როგორ დავდივართ კილომეტრებს, დავბოდიალობთ მიუვალ ადგილებში, ერთი თვით ადრე როგორ ვყიდულობთ სხვადასხვა ფესტივალის აბონიმენტებს, როგორ ვგეგმავთ სხვადასხვა ტურებს, რომ ბოლომდე, ჩვენ რომ ვიცით, ისე გავერთოთ, ვხვდები, რომ არაფერი უფერულდება იქ, სადაც სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილია.
მიყვარს ჩვენი ფოტოებით სავსე, ფერადი სახლი, სადაც ყველა სტუმარი საკუთარ სახლში გრძნობს თავს.
მიყვარს, რომ გვიყვარს ერთმანეთის მეგობრები, რომ არასოდეს ვამბობთ უარს, ჩვენს სახლში ვინმეს სტუმრობაზე.
მიყვარს ერთად გატარებული ყოველი წუთი.
ახლა შენ გძინავს, ძალიან ხარ გადაღლილი ამდენი მუშაობით. მე კიდევ ვზივარ და წვიმის ხმას ვუსმენ.
მინდა კიდევ გითხრა ის, რასაც დღეში უამრავჯერ გეუბნები. მიყვარხარ უზომოდ!
მიყვარს ჩვენი პატარა ოჯახი, რომელიც ჯერ სულ სამი წევრისგან შედგება: შენ, მე და ჩვენი პატარა კატა.
გავა დრო და ისევ დავწერ პოსტს, როგორ ვცხოვრობთ შენ, ჩვენი შვილები, მე და ჩვენი პატარა კატა.
მინდა დიდი დროის გასვლის შემდეგ, როცა ორივე მივაღწევთ იმას, რაც გვინდა, ყველა დასახულ მიზანს, ისევ ასე გვიყვარდეს ერთმანეთი, ისევ ასე მიხაროდეს ყოველი დღის შენთან ერთად გათენება, ჩვენი ყოველი კამათი და შერიგება, შენთვის გამზადებული სადილი და ჩვენი ცანცარა კატის უაზრო ქცევები.
მინდა, უამრავი წლის შემდეგ ისევ მოგქონდეს სასუსნავები ჩემთვის და მეუბნებოდე, რომ +10 კილოთიც ყველაზე ლამაზი გოგო ვიქნები და ზედმეტ კილოგრამებზე ფიქრი არ უნდა მაწუხებდეს. მინდა, ძალიან დიდი ხნის მერეც ასე აღნიშნავდე რა ლამაზი ვარ, ჩემთან ერთად არჩევდე ტანსაცმელს (მიუხედავად იმისა, რომ კაცებს ეს დიდად არ ხიბლავთ) და მაბედნიერებდე შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთით.
ცხოვრება მოგონებებისგან შედგებაო, ამბობენ.
ყოველი წუთი შეაგროვეო.
ჰოდა, მეც ვაგროვებ ჩვენს ფერად სახლში, ფერად სამყაროში გატარებულ ყოველ წუთს იმ იმედით, რომ 10, 20, 30, 40 და ა.შ. წლის მერეც შენთან ერთად გავიხსენებ ჩვენი გაცნობის ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორიას, რომ ყოველთვის მექნება შენი იმედი ისე, როგორც ახლა მაქვს.
მიყვარხარ, მიყვარხარ ყველა შესაძლო სიყვარულზე მეტად და გახსოვდეს, 1+1 არასოდეს იქნება 2.
1+1=1 – ს.
ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ.
სიყვარულით, მე.

25.


ამჯერად ტრადიციას დავარღვევ და პოსტს დაბადების დღემდე რამდენიმე წუთით ადრე კი არა, უშუალოდ ამ დღეს დავწერ. როცა შენ დაბადების დღემდე რამდენიმე წუთიღა რჩება, განწყობა მაინც სევდიანია და სულ იმაზე გეფიქრება, როგორი გინდოდა ყოფილიყავი ამდენი წლის მერე და როგორი ხარ რეალურად, თუმცა ამდენი მოლოცვა და სითბო, მაინც კარგ ხასიათზე გაყენებს. ჰოდა ზუსტად ამიტომ, მინდა კარგ განწყობაზე დავწერო ეს პოსტი ერთხელ მაინც.

ალბათ ძალიან ბანალური იქნება, თუმცა ფაქტია, პატარა რომ ვიყავი, 25 წელი სასწაულად ბევრი მეგონა. ვფიქრობდი, ამ დროს უკვე იმდენად ვიქნებოდი შემდგარი ყველაფერში, რომ სასწავლიც აღარაფერი დამრჩებოდა და ცხოვრებისეული გამოცდილებით გატენილი, “დასტოინად” ვიჯდებოდი 1 ჭიქა წითელი ღვინით ხელში. რეალურად, გავხდი 25 წლის და კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, რა პატარა ვარ ჯერ, რამდენი რამ მაქვს წინ და დაბადების დღის “დასტოინად” აღნიშვნამდეც ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ჯერ.

24-დან 25-მდე ძირფესვიანად შეიცვალა ყველაფერი.

  • პირველ რიგში, ალბათ ყველაზე კარგი რაც გავაკეთე, სანდროსთან თანაცხოვრებაა. ვამბობდი, რომ ოჯახი არ მინდოდა, რომ მეშინოდა ვალდებულებების და ა.შ. თუმცა, რეალურად არც არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ სულ ერთად ხართ. ალბათ ძნელია ადამიანი არ მოგბეზრდეს, როცა ცხოვრების ყოველ წუთს და საერთო ჰაერს იყოფთ, მაგრამ მგონი მოვახერხეთ, თითქმის 1 წელი გადის და ყოველი დღის დაწყება მიხარია, იმიტომ, რომ მისით ვიწყებ.
  • ასევე აღსანიშნავია ის, რომ ერთ სამსახურში 1 წელი ჩემი გაჩერება გამორიცხული იყო, არადა მალე 1 წელი გახდება ერთ სამსახურში ვარ და ამასაც მიღწევად ვთვლი. ძალიან ბევრი ვისწავლე და ვხუმრობ ხოლმე, აწი ნებისმიერ სფეროში ვიმუშავებ-მეთქი.
  • როგორც ყოველთვის, ჩემ სპეციალობაზე არაფერს ვიტყვი. აქაცაა მიღწევები, თუმცა სანამ “გადაღებულია” – ს არ გავიგებ და არ მივხვდები, რომ ბოლო კადრიც მორჩა, დეტალურად არაფერს ვიტყვი.

დაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ უფრო ნაკლებს მიაღწიე, ვიდრე ელოდი. როცა პატარა ხარ, გინდა არ გინდა უფრო ნათელ ფერებში გეხატება ყველაფერი და შენ მიზნებს ჯერ კიდევ ოცნების ელფერი დაკრავთ. მერე და მერე, ხვდები, რომ იმის მისაღწევად, რაც მიზნად დაისახე, კოლოსალური ენერგია და შრომაა საჭირო და არც ისე ადვილია იმ ყველაფრის მიღწევა, შესაბამისად 25 წლის ასაკში ხვდები, რომ მთავარია, სტარტი გაქვს აღებული, გამოწვევები მიღებულია, პროცესი დაწყებული და აწი ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება, ვიდრე ახლაა. ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ არასოდეს არაფერი გამიკეთებია სხვისი დახმარებით. ყოველთვის ჩემით მივდიოდი დასახულ მიზნამდე და არა “ჩინოვნიკი ნათესავების” დახმარებით. მინდა ასე განვაგრძო და კიდევ 25 წლის მერე, უკან რომ მოვიხედავ, ჩემივე შექმნილი ცხოვრებით ვიამაყო, როგორც ახლა.
მიუხედავად იმისა, რომ საამაყო ჯერ ბევრი არაფერია.

უზომოდ მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამ 1 წელში უდიდესი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჯობს ცოტა, მაგრამ ნამდვილი ადამიანები გყავდეს გვერდით. მე სანდრო მყავს, ყველაზე თბილი და კეთილი ბიჭი ამ ქვეყნად, ჩემი ოჯახი, რომელიც მუდამ მხარში მიდგას და მეგობრები, რომლებიც არასოდეს მტოვებენ მარტო. ამ ადამიანების არსებობა საოცრად ძლიერს მხდის, სანამ ისინი არსებობენ, ყველაფერს შევძლებ, გავა კიდევ 1 წელი და 26 წლის ფაო გაცილებით მეტი რამით იამაყებს, ვიდრე ახლა.

ყველას მადლობა მინდა ვუთხრა მოლოცვისთვის. იმათ, ვინც უკვე მომილოცა და იმათაც, ვინც აწი მომილოცავს. მე კიდევ მოვრჩები ახლა სენტიმენტების ფრქვევას, საქმე ბევრია, დღეს ყველაზე ლამაზი და მხიარული გოგო უნდა ვიყო, მთელი 25 წლის გავხდი!

^_^

 

Sleep. 


რატომ იკლავენ თავს ადამიანები? 

კითხვა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელზეც დღემდე არ არსებობს პასუხი. 

რატომ, ან როგორ ხდება, რომ ადამიანები ასე ადვილად იმეტებენ თავიანთ თავებს გაქრობისთვის, გარშემომყოფებს კი უდიდესი ტკივილისთვის? 

როგორ, რანაირად მიდის ადამიანი მომენტამდე, როცა მნიშვნელობა აღარაფერს აქვს? როცა მხოლოდ ცუდიღა გახსოვს და შენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები უბრალოდ აღარ არიან საკმარისნი, რომ იცოცხლო… როდის ხდება სიცოცხლე მისჯილი? 

ალბათ დგება წუთი, როცა ემოციები პიკს აღწევს და მნიშვნელობაც აღარაფერს აქვს. ალბათ ამ დროისთვის იმდენად გამჭვირვალე ხდები, რომ ვერავინ გამჩნევს. ალბათ იმდენად იდგამს სევდა და მარტოობა ფესვებს შენში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავს ჰაერის ნაცვლად და დასანანიც არაფერი რჩება. 

ჩვენ კი, ჩვენ ალბათ იმდენად ვართ დაკავებულნი ჩვენი ცხოვრებით, რომ ვერც ვამჩნევთ როგორ მიდის ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი თვითმკვლელობამდე. 

ეს ალბათ ყველაზე დიდი გამბედაობაა და ამავე დროს ყველაზე დიდი სისუსტე. 

არის რაღაცეები, რაზეც მანამ ვერ ფიქრობ, სანამ რაღაც საშინელება არ მოხდება და თურმე იმაზე მეტად შეიძლება გატკინოს ამან, ვიდრე ელოდი. 

თამაში გამარჯვებულის გარეშე, ანუ You make me feel.


“არ მომეკარო”.
ვამბობ და გიღიმი.
და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს.
ჩანს, როგორ ვწირავ საკუთარ თავს შენი სურნელის გარეშე დარჩენისთვის.
როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს.
როგორ კარგავს შენ ანაბეჭდს ჩემი თმა და ფერიც კი ეცვლება.
როგორ ცვლის გულწრფელ ღიმილს ირონია, როგორ კარგავს გრეიფრუტის გემოს და
სუნს შენი სიტყვები.
სასტიკი თამაშია.
გაურკვეველი, ან სულაც არარსებული გამარჯვებულით.
წითელი, წვნიანი ფორთოხლის გემოს “ლონგ აილენდის” უცნაურად მომჟაო, გაურკვეველი,
გემრიელი არომატი ცვლის, ნელ-ნელა გვირევს აზრებს და
სულ უფრო რთულს ხდის ამ თამაშის გაგრძელებას.
გარეთ ისევ ძლიერად დაუშვა წვიმამ.
ყველაფერი თხელ ბურუსშია გახვეული.
ძალიან ლამაზია ოქროსფერის და ოდნავ შესამჩნევი რძისფერის სინთეზი.
ორივემ ვიცით, რომ გარეთ ცივა.
ვგრძნობთ კუთხის კაფეში არსებულ სითბოს, ალკოჰოლს სისხლში, მაგრამ
უერთმანეთობის სიცივეც ახლავს ამ ყველაფერს თან.
“არ მომეკარო”.
ამბობ და მიღიმი.
და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს.
ჩანს, როგორ წირავ საკუთარ თავს ჩემი სურნელის გარეშე დარჩენისთვის.
როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და
როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს.
როგორ კარგავს ჩემ ანაბეჭდს შენი თმა.
აღარც ჩემს სიტყვებს აქვთ იასამნის სუნი და
წითელი ფორთოხლის გემო.
აზრები უფრო ირევა, სიცივეც მეტად ისადგურებს,
ალკოჰოლიც მეტად ერევა სისხლს და
ამ უცნაურ ციებ-ცხელებაში მხოლოდ უსახელო, ალჰოკოლში გახვეული შეგრძნებები და
შებოჭილი ხელები არსებობს, ზღვარი შეხებასა და არ შეხებას შორის.
სიამაყე ისე გვიბყრობს, გრძნობებსაც ჩრდილავს.
მივაბიჯებთ სველ ქვაფენილზე, მსუბუქად თავბრუდახვეულები.
მივაბიჯებთ ისე, რომ მხრებითაც კი ვერ შევეხოთ ერთმანეთს.
მე მეცინება, ჯერ ჩუმად, მერე უფრო ხმამაღლა, ბოლოს მთელ ხმაზე ვხარხარებ.
გაკვირვებული მიყურებ, თუმცა ტუჩის კუთხეში შენც გეპარება ღიმილი.
თამაში დასასრულს უახლოვდება.
ორივე ვგრძნობთ, რომ ვეღარ გაგრძელდება ასე.
რომელიმეში იფეთქებს ემოცია და…
თვალს არ ვაშორებთ ერთმანეთს.
უამრავ ემოციას ვცვლით, მხოლოდ მზერით.
საცაა თამაში დასრულდება.
იმდენად ახლოს ხარ, თითქოს შენი აურის შეგრძნებაც კი შემიძლია.
ერთი, ორი, სამი და…
გამარჯვებული არ არსებობს.
Because you kissed me, because I kissed you.
Because Your love is like no other.
Because You make me feel.

კოლაფსი.


აკორდები.
ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის.
ეს არაა სიმშვიდე.
ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე.
როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას.
ლაბირინთი.
გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი
გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს.
გასვლა მარტო ერთი კარიდან შეიძლება, მაგრამ ეს არაა გადარჩენა.
თუ ამ კარს გააღებ, სხვა, უფრო საშინელ სამყაროში აღმოჩნდები.
ვერაფერს ცვლი, არ არსებობს გამოსავალი, ვერც შენი ფერადი
ფანქრები დაგეხმარება აქ.
აქ თვითმკვლელი თევზებიც კი არ არიან. აქ საერთოდ არაფერია.
არც ერთი ფერი.
გაიქეცი.
გაიქეცი, სანამ გიპოვის.
გაიქეცი, სანამ ყველაფერს ცეცხლი მოედება.
გაიქეცი, სანამ გაიგეს, რომ ისევ სუნთქავ.
სანამ ამ სუნთქვასაც მოგპარავენ.
სანამ სიტყვებს თქმამდე გაგიქრობენ ბაგეებიდან.
გაიქეცი, რომ აღარ გეტკინოს.
გაიქეცი, რომ გადარჩე.
დაასწარი და სანამ ცეცხლი გაგაქრობდეს, თავად გაქრი.
ამ გვირაბის ბოლოს შუქიც არ მოჩანს.
საერთოდ არ აქვს ბოლო.
ვერც კი ხვდები სიზმარია, თუ რეალობა.
საბოლოო კოლაფსამდე სულ ცოტა რჩება.
ebc41f65a901

იისფერ რეალობაში.


შემოდგომისფერ ფიქრებში იისფერი ტონები შემომეპარა.
დაუსრულებელი ბოდიალის პერიოდი იწყება.
დრო, როცა მთელი დღე ყვითელ ფოთლებში დაშრიალებ, სახლში მისული, ოდნავ გაყინული, ჩაის ჭიქაზე ითბობ თითებს, ტუჩ-ცხვირს კი ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე, მერე კითხვაში, მზესუმზირის კნაწუნში (ან შოკოლადის ჭამაში) და მწვანე ჩაის სმაში ათენებ ღამეს.
მე გავიღვიძე.
სულ უფრო და უფრო მეტი ფერი ჩნდება ჩემში.
დიახ, ჩემს მოიისფრო რეალობაში ზღაპრული ელემენტები გაჩნდა.
იცით, მე პატარა პრინცი მყავს სახლში, ხოლო ყელზე, ლამაზ ჯაჭვზე დაკონწიალობს პატარა პრინცი თავის ვარდით და რა თქმა უნდა მელია.
ერთი პრინცი სულ ჩემს სახლში იქნება. მეორე – ყელზე, გულთან ახლოს.
მესამე (და ნამდვილი) პრინცი კი ჩემს იისფერ რეალობაშია, სადაც მეც პრინცესად ვგრძნობ თავს.
ესეც ასე, მოლურჯო ბედნიერების ნაწილაკები.

image

image

მადმუაზელ.


ჩემს პატარა ქალბატონს.

დღეს 17 წლის გახდი.
უკვე მე-17 წელი დაიწყო, რაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ხარ.
იცი, ბევრჯერ მიფიქრია რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენ გარეშე.
პასუხი ყოველთვის ერთია – არაფერი.
მინდა ძალიან ბევრი რამ გითხრა, მაგრამ ეს ის სიყვარულია, რომელსაც მართლა ვერ გადმოსცემ სიტყვებით.
ერთი კია, ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში რაც არ უნდა დამემართოს, რა პრობლემაც არ უნდა შემექმნას, შენი არსებობა ყველაფერს გადამატანინებს.
დღის ბოლოს, დაღლილი რომ ვჯდები ტრანსპორტში, ვიცი, რომ სახლში შენ მელოდები და როგორც არ უნდა ვიყო, ბედნიერებით ვივსები.
ვამაყობ, რომ ასეთი ჭკვიანი ხარ.
ვამაყობ, რომ ასე კარგად აზროვნებ.
ვამაყობ, რომ ასეთი ლამაზი ხარ.
მე ვამაყობ, რომ ჩემი და ხარ!
მინდა ძალიან ბევრი რამ გააკეთო, შენი ბედნიერებისთვის ბოლომდე იბრძოლო, მე რომ მუდამ შენ გვერდით ვიქნები, მაგას თქმაც არ უნდა.
გილოცავ და მიყვარხარ!

image

პაოლა


ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, რანაირად ხდება, რომ ისეთი სიცარიელე ჩნდება, რომელსაც ვერაფერი ავსებს.
რანაირად ვივიწყებთ ადამიანები ერთმანეთს ასე?
მართლა ტანსაცმელივით ვირგებთ? მერე ვიხდით, ვცვლით და ა.შ?
და თუ ავიკვიატეთ, მერე?
ალბათ მერე ჩნდება ეს აუვსებელი სიცარიელე.
როცა ვერც იმ აკვიატებულს აგდებ, ვერც ახალს იცვამ იმიტომ, რომ უაზროდ ამოიჩემე ის რაღაც.
აგიკვიატე?
არ ვიცი.
ვერც იმას ვხვდები, რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანი, ვინც ამას ოდნავადაც არ იმსახურებს, როცა გვერდით, შენთან ძალიან ახლოს არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც ყველაფერს გაიღებდა, რომ შენთა ყოფილიყო.
რომელიც იმ ყურადღებას და სიყვარულს გჩუქნის, რომელიც “იმას” არასოდეს უჩუქნია.
რომელსაც არასოდეს ეზარება გითხრას, როგორ უყვარხარ და რა მნიშვნელოვანი ხარ მისთვის.
და რახანია ეს სიტყვები “იმისგან” არ გსმენია?
დიდი ხანია.
და რატომ მაინც და მაინც “ის”?
რატომ მიჩქარდება გული მაინცდამაინც “მის” დანახვაზე?
ალბათ იდიოტი ვარ, რა ვიცი.
თუმცა ისიც საკითხავია მიყვარხარ, თუ უბრალოდ
აკვიატებად მექეცი.
შეიძლება სულაც ის მოგონებები მიყვარს რაც იყო,
ან ის ადამიანი, ვინც თავად შევქმენი.
არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ საოცრად ცარიელი ვარ და შენ კი არ მაკლიხარ, არამედ ის ადამიანი, ვისაც შენ გამო ვატკინე ასე ძალიან.
არ ვიცი ყველა ჩვენგანშია პაოლა, თუ არა, მაგრამ ჩემში ყოფილა, თურმე.
მაგიჟებს ეს ქაოსი და დაბნეულობა.
If I could be, who u wanted..
If u could wait..
არ ვიცი.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოსტს არც ერთი თქვენგანი არ წაიკითხავს, ალბათ ამიტომ ვწერ ასე თამამად.
უკვე მომენატრე.
ვერ ვეჩვევი ჩემი მეგობრების სიაში შენს არარსებობას, დღეს 700-ჯერ შემოვედი შენს პროფილზე.
უცნაურია, არა?
Woh…
ჩემში არსებული პაოლა არ მაძლევს საშუალებას რამე დავალაგო გარშემოც და ჩემშიც.
მადლობა უამრავი ლამაზი დღისთვის და იმისთვის, რომ ჩემ თხოვნას ასრულებ.
მჯერა, რომ ასე გააგრძელებ და ოდესმე ბედნიერი იქნები, შენ მაინც.
SUN დრო.

image

მოიისფრო.


სიტყვების უაზრო რახარუხი..
და მაინც რამდენი რამ ვერ ვთქვით.
ნუთუ მხოლოდ სიყვარულიდან სიძულვილამდე გადადგმულ ნაბიჯშია გამოსავალი?
ნუთუ მხოლოდ ასე შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება იისფერი დილის, იასამნის სურნელის და ვერშეგრძნებული გაზაფხულის გარეშე?
და თუ ასეა, მაშინ ამ ნაბიჯსაც გადავდგამ ოდესმე ალბათ.
დამთავრდა ზაფხულის ილუზია.
გამოვედით საზაფხულო კომიდან და რეალობას შევეჩეხეთ ისევ.
ახლა მთავარია ჩემი ძლივს ნაპოვნი თავი ისევ არ დავკარგო, მთავარია შემოდგომასთან ერთად მეც გავფერადდე ისევ.
ხვალიდან ახალი, სულ სხვა ცხოვრება იწყება.
ახალი მიზნებით, ახალი სამსახურით, ახალი თმის ფერით.
ოღონდ არა ახალი ილუზიებით და ოცნებებით.
საკმარისია.
შენ ჩემი მოოისფრო ოცნება იყავი, რომელიც წარსულში იყო და იქვე დარჩა.
დღეს თბილისში ვბრუნდები.

დავბრუნდები მაშინ, როცა.


გახსოვს, გითხარი, მე დავბრუნდები მაშინ, როცა შემოდგომა პირველ აკორდებს აიღებს და ფოთლები დაიწყებენ ცვენას-მეთქი.
.. და ეს ესაა პირველი აკორდი გაისმა.
ჰო, შემოდგომის თამაშები დაიწყო.
მოოქროსფრო, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თამაშები.
მე გავექეცი ქალაქს, რომელმაც შესაძლებლობები მომცა რაღაც შემექმნა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი წამართვა, დაწყებული საკუთარი თავით.
არ ვიცი მიყვარდეს, თუ მძულდეს.
მენატრებოდეს თუ დანახვაც არ მინდოდეს მისი.
იქ კი, მთაში, ხის ქოხებში თითქოს ის ყველაფერი დამიბრუნდა რაც ამ ქალაქმა უკითხავად წაიღო ჩემგან.
ახლა, თავისუფლებადაბრუნებული ვზივარ ზღვის სანაპიროზე და ვფიქრობ დავბრუნდე, თუ არა.
ჰო, ვთქვი, რომ შემოდგომასთან ერთად მეც მოვიდოდი.
მე კი.. მე..
მე თუ დავბრუნდი, ზუსტად ვიცი აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ თვითმკვლელ თევზებს აღარ გავატანო ჩემი ფერები.
გავფერადდები ისე, როგორც არასდროს და ჩიტების ფიტულებიც გაქრებიან ისე, როგორც მე გავქრი ამ ქალაქში ოდესღაც.
დავუბრუნდები ქალაქს, თეატრს, რადგან ჩემ თავს უკვე დავუბრუნდი.
პირველმა აკორდმა პირველი ფერი მოიტანა.
ხვალ მეორე გაისმება მეორე ფერთან ერთად.
ასე შევქმნით ფერთა გამას მუსიკის თანხლებით მე და შემოდგომა.
ჰო, გაზაფხულზე დავიბადე და შემოდგომას მილოცავენ.
დღეს შემოდგომის პირველი დღეა.
ფოთლებიც მალე დაიწყებენ ცვენას და…
მეც დავბრუნდები.

როდის გავიღვიძებთ?


ყოფილხართ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს?
მე ვიყავი.
ერთი ეგ იყო, საკმარისად ახლოს მაინც ვერ აღმოვჩნდი და ახლაც 21 ნომერი ავტობუსიდან ვწერ ამ პოსტს.
არადა 2 დღის წინ ჯერ ისევ ვარსკვლავებთან ვიყავი.
ჰო, ბალახზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გეგონებოდა ვიღაცას მუჭით მიმოეფანტა ცაზე ვარსკვლავები. “ისე ბრწყინავდნენ და ისე შორეულად”..
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ შეუძლებელია მეც მქონდეს პატარა უფლისწულის მსგავსი ასტეროიდი – მეთქი, ჩემთვის ხომ ყველა ვარსკვლავი იცინოდა იმ წამს.
მერე..
მერე გამახსენდა როგორ ვექცევით ადამიანები ერთმანეთს, არ ვიცი დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ როგორც კი ამაზე დავიწყე ფიქრი, შევამჩნიე როგორ ჩაქვრა ნელ-ნელა ყველა მათგანი.
ანიმ მითხრა, ძალიან უცნაურები ვართო, ერთმანეთს ტანსაცმელივით ვირგებთო. მერე თუ არ მოგვეწონა ვიხდით, სხვას ვარჩევთ და ასე გრძელდება მუდამო.
მე და შენ იდეალურად მოვერგეთ ერთმანეთს, ლამაზი მთლიანობა შევქმენით, მაგრამ მაინც გაცვდა ეს ყველაფერი და ახლაც მგონია, რომ შიშველი დავდივარ.
უამრავი სამოსია ირგვლივ, მე კი მხოლოდ “უერთმანეთოდ კარგად ვართ” ნიღბის მორგება შევძელი წარმატებით.
ვერ ვგუობ სხვა სამოსს, სხვა შეხებას.
იცი, იქ, მთაში, ჩვენი ოცნების ქოხი ვიპოვე. პატარა, ხის. ორი საწოლით, ერთი მაგიდით და ბუხრით.
ვათვალიერებდი სახლის ყოველ სანტიმეტრს და თითქოს იმ ფისოს და ძაღლსაც კი ვხედავდი ჩვენ რომ უნდა გვყოლოდა.
უცნაურას ვგრძნობ ამ წამს თავს.
ამ გახდილ სამოსს გაყიდული სიყვარულის სურნელიც დაყვება თითქოს და აუტანელ, ჩახუთულ, სევდისფერ რეალობას ქმნის.
დავდივარ და ვფიქრობ.
ვინ მოგვძებნის მაშინ, როცა რძისფერი ნისლი ჩამოწვება ტყეში და გზას ვეღარ გავაგნებთ?
უცნაურია, მე გადავრჩი უშენოდ, შენც ასევე, მაგრამ მაინც კომას გავს ეს ყველაფერი.
როდის გავიღვიძებთ?

image

ეი, შენ!


ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, იმიტომ,  რომ ყოველი შეხვედრა ერთმანეთზე უკეთესია.
ყოველ შეხვედრაზე უფრო მეტად ვხვდებით, რომ ერთად კარგად ვართ. ეს სიახლოვე საშიშია. მე მესმის, შენც გესმის.
ეს ყველაფერი, იქნება ეს სიგარეტის ერთად მოწევა, ვარსკვლავების ყურება, ლუდის დალევა თუ ზაფხულის მიწურულს ტყეში სეირნობა, უფრო მეტად გვაახლოებს ერთმანეთთან.
იქ, სადაც იმაზე მეტის საფრთხე ჩნდება, რასაც მოწონება ქვია, ყველაფერი ფუჭდება.
ან არ ფუჭდება და ჩვენ ვართულებთ ყველაფერს..
შეიძლება We could write a story, შეიძლება – არც.
ეს ის შემთხვევაა, როცა ერთის მხრივ ცდაც კი ძნელია, მეორეს მხრივ გაძლებაა რთული.
მაგრამ ნუთუ სხვა გამოსავალინარ არსებობდა? ნუთუ სულ ესაა.. ასე, მარტივად, ნახვამდის?

image

Farewell.


ხდება ხოლმე.
ჩვენ ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას იძენენ ჩვენთვის და სწორედ მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება.
ადამიანები მიდიან და იმდენად ბუნებრივია ეს, რომ სიმწრისგან გეცინება.
როცა დილის 6 საათზე მხოლოდ შენ და ერთი ღერი სიგარეტი ხვდებით განთიადს, მაშინ ხვდები რამდენად მარტო ხარ ამ სამყაროში და ეს სიმარტოვეც ისე ბუნებრივად გეჩვენება, რომ ჰაერის ნაცვლად ჩვეული სევდა გივსებს ფილტვებს.
სიგარეტის კვამლს გაყვა ყველა ფიქრი, ყველა ემოცია დაიფერფლა და დარჩი საოცრად ცარიელი.
კარგი იყო ვარსკვლავების ყურება. უფრო კარგი იქნებოდა მეტი ვარსკვლავი რომ ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს.
ცხოვრება მოგონებებისგან შედგებაო – ამბობენ.
შენ კარგი მეგობარი იყავი.
We met and we talked and it was epic, but then the sun came up and reality set in.

დღეს.


დროსა და სივრცეში დაკარგვას გავდა დღევანდელი დილა.
თვალის გახელისთანავე რომ მობილურს სტაცებ ხელს,
სადაც აუცილებლად უნდა დაგხვდეს მესიჯი მისგან. რატომ?
მიჩვეული ხარ და იმიტომ.
დღის დაგეგმვას ისე რომ იწყებ, რომ მისთვისაც დაგრჩეს დრო და
რეპეტიციაზეც წარამარა კითხულობ რომელი საათია.
რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ.
ღიღინით რომ დგები და ფიქრობ, რომ თუ დღეს ადრე მოიცლი აუცილებლად ნახავ…
და გეღიმება. რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ.
აი ეს მიჩვევაა რომ გკლავს. იმის მიხვედრა, რომ არც მესიჯი იქნება,
არც თავისუფალი დრო გჭირდება. არც საყვედური, აღარც შეხვედრა,
თითქოს ყველაფერი სიზმარში იყო და იქვე დარჩა.
აღარც ყვითელ ფოთლებს ელოდები, არაფერს, საერთოდ არაფერს!
გარშემო სიცარიელეა, ტკივილია, მარტოობაა. და ეს სიცარიელე ათას ნაწილად გშლის.
გეშინია ხვალინდელი დღის. დღეს გეგონა კოშმარი გესიზმრა და ამ ყველაფრის რეალურობამ გაგანადგურა.
დღეს პირველად გაგიხარდა, რომ ასე გვიანობამდე შემორჩი თეატრში,
იმიტომ, რომ არ გქონდა ამ ყველაფერზე ფიქრის დრო. მაგრამ ხვალ?
ხვალ რას იზამ? სად გაექცევი რეალობას…
რა გინდა რომ ქნა.
ხვდები, რომ ასე ვერ გააგრძელებ.
ვერაფერს, სუნთქვიდან დაწყებული რთული ქმედებებით დამთავრებული.
აღარაფერი იქნება ისე. იწყება ცხოვრება გაძლებაზე.

ნუ მომიშინაურებ.


“შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე”.
სამწუხაროდ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის გვავიწყდება ეს.
ვივიწყებთ რა ცოტა ჰყოფნით ჩვენით სავსე ადამიანებს ბედნიერებისთვის და რა ადვილად სტკივათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი.
არ ვცდილობთ ისინი გავაბედნიეროთ, ვინც მოვიშინაურეთ, უფრო მეტიც, მათ წილ სითბოს სხვებს ვუნაწილებთ, სხვებზე ვზრუნავთ, სხვებს ვცდილობთ დავანახოთ სითბოც, სიყვარულიც და ოდესღაც უდაბნოში მოსმენილ მელაკუდას დარიგებას ისე ვივიწყებთ, თითქოს არც ყოფილა.
აღარც ის გვაინტერესებს შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა, ვეღარც ჩვენ – ჩვენი ვარდის გამორჩეულობას ვხვდებით და შედეგად ვარსკვლავებიც აღარ გვიცინიან.
ამიტომაა მარტოობა ადამიანებს შორის.
მოდი, ნუ მომიშინაურებ.

image

იყო და არა იყო რა, ანუ ჩემი სენტიმენტალური ნიღაბი.


ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე,
რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. ძნელია, როცა დრომ და გარემოებებმა საოცრად შეგცვალა და
საკუთარი თავი კი არა ყველა დაკარგე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა.
ძნელია, უყურებდე როგორ ქრება შენი სიყვარული და ხელსაც ვერ უწვდიდე გადასარჩენად.
იყო და არა იყო რა.
ბავშობაში ზღაპარს რომ მიკითხავდნენ, ყოველთვის ასე იწყებოდა,
ყოველთვის ყველაფერი ასე იწყება.
ჩვენი ამბავიც ასე დაიწყო.
იყო და არა იყო რა.
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ.
ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე.
ისეთი ლამაზი იყავი, თავად ჰგავდი მხატვარი – ნახატს.
ვხვდები, რომ სევდამ იმდენად გაიდგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ
სევდით სუნთქავს ჰაერის ნაცვლად.
ვერ ვჩერდები იმ სიცარიელეში, რომელსაც შენი სახელი ქვია და განცდის ფერი აქვს.
როცა ძალიან მენატრებოდი, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობდი – ხოლმე ამ
დანაკლისის შევსებას.
ვიხსენებდი ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებდი რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმებოდა – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლას ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოებას შენთან.
გაფერადებულ არსებობას და წვიმაში, ყოყმანით გამხელილ გრძნობებს.
შენს აივანს, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანდა.
შენს ოთახს, სადაც ბევრი სურათი და წიგნი იყო. და ყველაზე მთავარს – შენს სურნელს,
რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებდი ხოლმე ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობდა.
ვიხსენებდი ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში
და ჩემს თავს ვეკითხებოდი.
“მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?”
მეტი რა შეიძლებოდა გვდომოდა…
ორივემ ვიცოდით, რომ სიყვარული ერთადერთი რამაა,
რის გამოც ყველაფერი უნდა დაგვეთმო.. სიამაყე, პრინციპები..
რომ ეს ერთადერთია, რასაც მართლა შეეძლო დედამიწა ებრუნებინა,
რომ როცა გიყვარს, სისულელეა სხვა ყველაფერი.
ადამიანს ხომ საოცარი უნარი აქვს უყვარდეს, ზრუნავდეს..
სად მიგვაქვს, რას ვუშვებით ჩვენ – ჩვენს სიყვარულს,
ისე სად ვმარხავთ, რომ თავად ვეღარ ვპოულობთ-ხოლმე, ჩვენ დედამიწას როგორ ვაჩერებთ?
ჩვენ ხომ ყველაფერი გვქონდა, ღმერთო..

მე მინდა საშინლად ოპტიმისტი ვიყო და მჯეროდეს,

რომ ჩვენ “არასოდეს დავრჩებით მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად, ერთმანეთთან ვერმიახლოების გარდაუვალი განაჩენით.

ალბათ ისევ დავჯდები ფანჯრის რაფაზე წვიმის საყურებლად და ისევ შეეპარება ბზარები ისედაც
მსხვრევამდე მისულ სულს.
გული დამწყდება წარსულში დარჩენილ ლიმნისფერ დღეებზე, მოიისფრო შეგრძნებებზე
და დილაზე, რომელსაც ერთად ვერ შევხვდით.
გული დამწყდება პატარა სახლზე, სადაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, შენთვის მთელი გულით გაკეთებულ
ლიმონიან ჩაიზე და ბუტერბროდებზე, ჩვენს ძაღლზე და პატარა კნუტზე, რომელიც სულ ნერვებს მოუშლიდა
ცუგას და მაინც ეყვარებოდათ ერთმანეთი, იმიტომ, რომ ერთად გაიზრდებოდნენ.
მისჯილი სიცოცხლეც ისევ დაიწყებს გასასვლელის ძებნას.
წამით ისევ დავიწყებული წარსული შემომცინებს.
“და არ არსებობს ქვეყნად ამბავი, რომ ჰქონებოდეს ოდესმე ბოლო.”
სცენარები მეორდება ცხოვრებაში, და ალბათ საშინლად ბუნებრივია ეს ყველაფერი.
და სულ ეს არის? სულ ეს არის, რაც უნდა გვქონოდა?
იმის გააზრება, რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო…
ღმერთო, რომელსაც ვერასოდეს გიწოდე მამა, და არ ვიცი, სად ხარ.
შენ არასოდეს მოისურვე ჩემთან შეხვედრა. ვცოდავდი, რათა სასჯელში მაინც დამენახე და ვერ დაგინახე.
ახლა მოგმართავ.
შეურაცხყოოფილი ვარ ცხოვრებით, სიცოცხლით და ადამიანობით!
დაასრულე ეს ლაზარეთი… დაასრულე…
დაასრულე ჩიტების ფიტულები და ჩემი თვითმკვლელი თევზები.
დაასრულე და მითხარი, რომ ყველაფერი ასე არ მთავრდება, რომ ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავი
აღარასოდეს მომაგონებს წარსულის ტკივილს, რომ ყველა ზღაპარი სულაც არ სრულდება ასე და არც ყველა ქალის ისტორია იწყება ამით.
აღარ მინდა ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება… უბრალოდ თვალები მინდა დავხუჭო.
და სულ ეს არის, ეს არის სულ.

wpid-fb_img_1434914497292.jpg

ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული.


“ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული, აღარასოდეს მოვა ამ ქვეყნად.”

სევდამ და მარტოობამ იმდენად გაიდგა ფესვები ჩემში, რომ შემაძრწუნებლად ბუნებრივია უკვე ეს ყველაფერი. ალბათ ამიტომ ვერ ვჩერდები აქ, ამიტომ მეცოტავება ჰაერი და ამიტომ აღარ აქვს დღეებს არც ერთი ფერი, აღარც შენს სიტყვებს აქვს გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო.
ცოტა კი მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამდენი ადამიანის გარემოცვაში მარტო ეგრძნო თავი ვინმეს, მაგრამ როცა ზუსტად ისინი აღმოჩნდებიან უცხოების როლში, ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდი დახმარებას, ვის გამოც არ გეშინოდა მარტოობის და ვისი იმედიც ყველაზე მეტად გქონდა, ხვდები, რომ მართლაც სამუდამო მარტოობისთვის ხარ განწირული მილიონობით ადამიანით გარშემორტყმული.
ჰო, ლამაზი ხარ, მხიარული, აქტიური, ყველას უყვარხარ თითქოს და ამ დროს მარტოობა ისეთი შემაძრწუნებელი ხდება, ისეთი ცივი და საშინელი, რომ გგუდავს, სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და არ იცი როგორ დააღწიო თავი მისჯილი სიცოცხლის ეკლიან მარწუხებს.
რა გინდა რომ ქნა, როცა რეალურად არავის აინტერესებ და არავის სცალია შენთვის?
გგონია ვინმეს ეყვარები? გგონია, ვინმე იბრძოლებს? არა, საყვარელო.
მწარედ შეცდი.
იმდენად მწარედ, რომ ახლა, მიწაზე დანარცხებული, უკვე გადამტვრეული ფრთების ტკივილს გრძნობ.
არ გინდა ცრემლები, არც იმის გახსენება ღირს რას იხსენებდა დასახვრეტ კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია. ისედაც მშვენივრად ვიცით, რომ ანალოგიურ სიტუაციაში მხოლოდ ის გვექნება გასახსენებელი, როგორ დაგვტოვა ყველამ მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვსაჭიროებდით მათ.
ასე, მარტივად.

სულ კარგად ბრძანდებოდეთ.


ვტოვებ შენთვის დაწერილი ფრაზებით სავსე ყველა ფურცელს, რომლებითაც ქაღალდის ნავებს ვაკეთებდი, მათთან ერთად რომ გამომეცურა შენკენ.
ვტოვებ ყველა ყვითელ ფოთოლს, ასე რომ გვიყვარდა და ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს გიტოვებ, ამ ფოთლებში გაბნეულს.
ვტოვებ ყველა ემოციას, ყველა შიშს – შენი დაკარგვის შიშიდან დაწყებული იმ შიშამდე, რაღაც მნიშვნელოვანს რომ ვერ უწვდი ხელს გადასარჩენად.
გიტოვებ სურვილს ტუჩებზე, მაგრამ აღარ გინაწილებ.
ვტოვებ სითბოს და ყველა იმ არდაფასებულ წამს, რაც ამ სითბოთი იყო სავსე, რაც ასე მაადამიანებდა.
ვტოვებ ცხელი შოკოლადით სანახევროდ სავსე ფინჯანს, სავარცხელს და პატარა სარკეს – სულ თან რომ დამქონდა.
ვტოვებ მთვარესაც, რადგან მოვბეზრდით.
იასამნების სუნს და კოსმოსში გაბნეულ სცენის მტვერს.
ვტოვებ ყველა შეცდომას, უხეშს თუ მსუბუქს და ყველა სწორ საქციელს, ვერშეგრძნებულ გაზაფხულს და უთოვლო ზამთარს.
გიტოვებ ნახატებს და მივესალმები თვითმკვლელობას სარკეში, როცა სარკის აქეთ ცოცხალი რჩები.
ვტოვებ ადამიანებს, ვტოვებ დედამიწას – ჯოჯოხეთისთვის შესამზადებელ ადგილს. ადგილს, რომელიც ბავშვურობასთან და გულწრფელ ცრემლებთან მაკავშირებდა.
წავალ სადმე, რომელიმე პლანეტაზე. ჯანდაბას, მე მივხედავ უფლისწულის ვარდს და ბატკანს არ მივცემ უფლებას შეჭამოს.
შენ კი, უფრო ხშირად აიხედე ცაში და უცებ “ყველა ვარსკვლავი შენთვის გაიცინებს და მხოლოდ შენ გეყოლება ვარსკვლავები, რომლებსაც სიცილი შეუძლიათ”.
მართლა კი არა.
აბა ჰე.